დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაწესებული რეკომენდაციების შესრულების მკაცრი გაკონტროლების საკითხი დააყენა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.
„არსებული ვითარება უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალსა და იანვარში, მაგრამ ბოლო პერიოდში, ტენდენცია უარესდება და ეს საყურადღებოა. 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვქონდა თებერვლის ბოლო კვირაში. აქტიურ შემთხვევათა რიცხვი იზრდება და დღეს ეს რიცხვი 4 447-ია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი - ეს სიტუაცია სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში გვქონდა. თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი ყველა იმ ღონისძიებაზე, რაც უკვე დაწესებულია, სავალალო შედეგები გვექნება. იგივეს ვიმეორებთ, რაც აგვისტოში იყო. მაშინ დავიჯერეთ, რომ ვირუსი დამარცხდა. ამან შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს და გამეორდეს იგივე, რაც ნოემბერ-დეკემბერში მივიღეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია პრევენციული ღონისძებებისა და იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ.
„უნდა დავიცვათ წესები, მათ შორის ისიც, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები არ უნდა შეიკრიბონ მათ შორის ქორწილებსა და ქელეხებში. ძალიან კარგია ახალგაზრდების შეკრება, მაგრამ ჩამიგდეს ძალიან ბევრი ვიდეო და ვნახე, რომ სხვადასხვა ღამის კლუბებში ისევ და ისევ დიდი შეკრებებია, დროს ტარებაა და ეს აპრილში ისევ ძალიან ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს. თუ ეს არ შეჩერდა, ნოემბერ-დეკემბერი განმეორდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.