ეპისკოპოსი ონლაინ სწავლების ხარვეზებზე საუბრობს

2021-03-29 14:37:04

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ქადაგებისას, ეპისკოპოსმა იაკობმა, ახალგაზრდობას სრულყოფილი განათლების მიღებისკენ მოუწოდა და ონლაინ-სწავლების ხარვეზებზე ისაუბრა.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ვინც ახალგაზრდობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, კეთილმოსურნე არ არის. ეპისკოპოსის აზრით, პოსტპანდემიურ პერიოდში, სამსახურს მხოლოდ კონკურენტუნარიანი ადამიანები მონახავენ.

„პანდემიამ ცხოვრების წესი შეცვალა, ყველაფერი იცვლება .მსოფლიო ეკონომიკაც შეიცვლება და როცა გამოვალთ პანდემიიდან, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, სამსახურს ვეღარ ნახავს. მე მინდა ჩვენს ახალგაზრდებს ვთხოვო, რომ გააძლიერონ განათლების მიღება, ვინც უმაღლესში სწავლობს, კარგად ისწავლოს. პროფესიულ სასწავლებლებში ვინც სწავლობს, ძალიან მიხედონ ახალი პროფესიების ათვისებას. ჩვენთან საქართველოში, 30 ათი ათასზე მეტი აბიტურიენტი გვყავს-ხოლმე. ამდენი ადამიანი ჯერ მანამდე არ სჭირდებოდა ქვეყანას და როდესაც პანდემია გადაივლის, ნახავთ, რომ მოთხოვნილება კადრებზე აღარ იქნება.

ვინც ძალიან მდიდარია, ტრანსნაციონალური კომპანიები სადაც არიან, ისინი ცდილობენ, რომ ადამიანები სხვადასხვა ტექნიკით, რობოტებს რომ ვეძახით, იმით ჩაანაცვლონ. ჩვენთანაც ძალიან ძლიერი თუ არ იყავი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ვერაფერს ვერ იზამ. მაშინ, როდესაც სკოლის ბოლო წელი წესიერად ვერ ისწავლე, უმაღლესშიც ახლა თავს იტყუებ და მარტო დისტანციური სწავლა რაღაც გგონია. თუ არ იარე უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ახლა ღიაა კარები, როცა დაამთავრებ ვის დასჭირდები? მარტო სახლში ჯდომით და გარეთ არ გასვლით ვერაფერს ვნახავთ. შიში ვერაფრისგან ვერ დაგვიცავს, სიფრთხილე უნდა დავიცვათ, მაგრამ გონიერი არსება იმას ფიქრობს, შემდგომში რა იქნება. რასაც მე გეუბნებით, ამას ვნახავთ, რომ ცოტა ხანში, მასე იქნება.

თქვენც როცა დაამთავრებთ, როდესაც უნარ-ჩვევები არ გექნებათ, არაფერი არ გექნებათ, როცა ერთმანეთს არ იცნობთ. უნდა დაფიქრდეთ, ვინ არის თქვენი კეთილმოსურნე, ის, ვინც გაძლევთ საშუალებას, თქვენს თაობასთან ერთად, კონკუტენტუნარიანები გაიზარდოთ, თუ ისინი, ვინც მოგიწოდებენ, რომ იჯდეთ სახლში.. რაში იხდით ფულს, სწავლა ხომ ფული ღირს. ამიტომ თუ ლექტორიც არ გაიცანი, ლექტორიც ზარმაცდება და შენც ზარმაცდები. იოლი გზით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, რადგან პროფესიონალიზმი იქნება მთავარი მოთხოვნა. მარტო სახლში ჯდომით, დამალვით არაფერი გამოვა. თქვენს თავს თუ არ გამოადგებით, გამორიცხულია ვინმეს, ან ოჯახს გამოადგეთ. მსოფლიო პანდემია ეს უფროა და ვიდრე კორონასგან გამოწვეული“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საკუთარ ქადაგებებში თითქმის ყოველთვის ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საკუთარ მოსაზრებებს ხმამაღლა აფიქსირებს.