რუსთავის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ანა ბუჩუკური, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია, და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დროს ქალაქში ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ცენტრალური, საპარლამენტო და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული დღის ცენტრი და სადღეღამისო თავშესაფარი მოინახულეს.
"არის წინ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კანონის სახით გვაქვს ბავშვთა უფლებების მხრივ. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოხდეს კანონის ეფექტური აღსრულება. დღეს სწორედ ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, მათი სოციალური დაცვა და გაძლიერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და მე პირადად ვიქნები ამ საკითხებში ჩართული.
ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით რამდენიმე ცენტრში და გვინდოდა რომ ადგილზე გავცნობოდით და გვენახა, რა მდგომარეობა იყო. არის გარკვეული ხარვეზები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ასევე რამდენიმე თვეში გვექნება განმეორებითი შეხვედრა, რომ ვნახოთ, რამდენად გამოსწორებულია ხარვეზები.
აუცილებელია კოორდინაცია მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სერვისებს ახორციელებს მუნიციპალიტეტი, რა სერვისების განმახორციელებელია სახელმწიფო სტრუქტურები, რომ როდესაც გარკვეულ პრობლემასთან გვაქვს საქმე აუცილებელია ვიცოდეთ სახელმწიფო რა თანხას ხარჯავს, ეს თანხები, რაც მთავარია, უნდა მივიდე ბავშვამდე",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციაა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რუსთავში უწყებათა შორისი სააკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდება.