საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცს ტრაქტორი შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა სოფელ კაკაბეთში მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა, მისი ცხედარი ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს.
როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ტრაქტორის მძღოლი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 18 მარტს მამაკაცის ცხედარი იქნა ნანახი. ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვებით დგინდება, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ გამოკითხა ტრაქტორის მძღოლი, რომელიც აღიარებს დანაშაულს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები", - აცხადებენ უწყებაში.