ქვემო ქართლში შინაური ცხოველების აცრა დაიწყო

2021-03-12 12:55:09

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ რეგიონის მასშტაბით შინაური ცხოველების აცრა დაიწყო.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო ვაქცინაციის განხორციელებას სურსათის უვნებლობის ჯგუფები თებერვლის თვიდან შეუდგნენ და პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, შინაურ ცხოველებს სხვადასხვა ზოონოზურ დაავადებაზე ცრიან.

"ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამით შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია. ცხოველები იცრებიან ისეთ ზოონოზურ დაავადებებზე, როგორიცაა ცოფი, თურქული, ჯილეხი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მიდიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ფერმერთან და კარდაკარის პრინციპით ატარებენ უფასო ვაქცინაციებს. წლის განმავლობაში, ეპიზოდური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება.

მოქალაქეები უნდა დაეხმარონ ჩვენს ვეტერინარებს ვაქცინაციის პროცესის განხორციელებაში და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რასაც მისცემენ. მოვუწოდებთ, იყონ ყურადღებით, რათა დაცული იყოს მათი ცხოველები, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და სიოცოცხლესთან", - განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა. 

ლიპარტელიანის ინფორმაციით, აცრა როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა პირუტყვს უტარდება. ასევე, მიმდინარეობს ცოფზე ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკური ვაქცინაცია.

ამ დროისთვის აცრილია 92 356 ცხოველი.