ეყოლება თუ არა ახალი ხელმძღვანელი რუსთავის ეპარქიას

2020-03-11 15:10:11

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე აცხადებს, რომ იმ ეპარქიების ახალი მმართველების შესახებ მსჯელობა, რომელთაც დროებით სხვა მღვდელმთავრები ხელმძღვანელობენ, სავარაუდოდ, სინოდის მომდევნო სხდომებზე მოხდება.

"რამდენიმე ეპარქიაა უკვე ასე, მაგალითად, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე ლაზარე გარდაიცვალა და დროებით შეთავსებით არის სხვა. ჯამში, რამდენიმე ეპარქიაა ისეთი, სადაც შეთავსებით არიან სხვა მღვდელმთავრები და ალბათ მომავალში სინოდი განიხილავს არამხოლოდ რუსთავის, არამედ ყველა ეპარქიის საკითხს", - განაცხადა მეუფე იოანემ.

ცნობისთვის, უკვე 2 წელია, რაც რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მის მმართველად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II ითვლება.

რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი კი 2 წლის წინ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად დაინიშნა.