ვაქცინაციით, სოციალური დისტანცირებითა და ანტივირუსული მედიკამენტით წლის ბოლოსთვის პანდემის დამარცხება შესაძლებელი იქნება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე ანტივირუსულ პრეპარატზე.
„პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის შეკავება საჭიროა, სანამ პანდემია არ იქნება საიმედოდ დამარცხებული და განდევნილი. იმისთვის, რომ პანდემიაზე სრულ გამარჯვებას მივაღწიოთ, ვაქცინის გარდა მედიცინას ძალიან გვჭირდება ეფექტიანი, პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. მხოლოდ ამ ორი ფაქტორის კომბინაციით - ეფექტიანი ვაქცინით და ეფექტიანი მედიკამენტის ერთდროული გამოყენებით მოხერხდება პანდემიის სრულად დამარცხება. ვინაიდან, ვაქცინა ყველას ვერ დაიცავს და ვისაც ის ვერ დაიცავს, დაიცავს ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. დღეს მიდის მუშაობა რამდენიმე ასეთ მედიკამენტზე.
პირველ რიგში ეს არის მონოკლონური ანტისხეულები, რომელზეც უდიდესი იმედები მყარდება. გარდა ამისა, არის ცნობები, ისრაელიდან, გერმანიიდან, რომ შეიქმნა და გადის კლინიკურ გამოცდას ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები. დიდი იმედი მაქვს, გაერთიანებული ღონისძიებებით - ვაქცინა, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცია და ანტივირუსული მედიკამენტი, წლის ბოლოსთვის პანდემია დამარცხდება“,- განაცხადა ცერცვაძემ.