რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.
კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს, მერიის ელექტრონულ ტენდერში უკვე გამოვლინდა. დასრულებული სახე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა 2021 წლის სექტემბერში უნდა მიიღოს.
პროექტის მიხედვით, რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადები უნდა რეაბილიტირდეს და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყოს.
პროექტის ფარგლებში, სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას - დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2 400 000 ლარია.
რუსთაველის ქუჩაზე დღეს პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტის ამსახველი ბანერები გამოეფინა.
პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეტაპობრივად რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება.