ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედის დღესთან დაკავშირებით ემოციური ვიდეო-ბლოგი ჩაწერა. ის საზოგადოებას დედის დღეს ულოცავს და ცდილობს ახსნას, რითია გამოწვეული ის კავშირი, რაც დედასა და შვილს შორის მუდმივად არსებობს. როგორ რისკავს ქალი, როცა ფეხმძიმდება და შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებს.
„ქალი როდესაც ფეხმძიმდება, საკუთარ სიცოცხლეს აყენებს ძალიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ საბოლოოდ გავჩნდეთ ჩვენ - მათი შვილები. დედობა თავიდანვე მაღალი პასუხისმგებლობაა. ისინი სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ ჯანმრთელობას დებენ სასწორზე, რომ ჩვენ დავიბადოთ... რამდენად ღირებული მომენტია...“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
მისი თქმით, დედა შვილზე ზრუნვას ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს იწყებს.
„ზოგი დედა ისეთია, პურის პატარა ფრაგმენტიც რომ ჰქონდეს, შვილს მისცემს, რომ ის იყოს მაძღარი, კმაყოფილი, თვითონ უარს იტყვის და იქნება მშიერი. მათ ეს თვისება არ აქვთ მხოლოდ ჩვენი დაბადების შემდეგ, არამედ ეს თვისება აქვთ დნმ-ში, როცა ჩვენ ვართ ჯერ კიდევ მათ საშვილოსნოში.
ქალი, რომელიც ფეხმძიმდება, მისი სხეული, მისი პლაცენტა წარმოქმნის ძალიან სერიოზულ ჰორმონს, მას ჰქვია პლაცენტის ლაქტოგენი, რომელიც დედის სხეულს ართმევს საკვებს, რომ ეს საკვები დედის უჯრედებმა კი არ მიიღოს, არამედ ნაყოფმა მიიღოს, რომ გაიზარდოს, იყოს გამოკვებილი და მაძღარი. დედის სხეული თავად ამბობს უარს საკვებზე, არ იღებს გლუკოზას, რომ მთელი გლუკოზა, რაც გროვდება სისხლში, ჩვენ მივიღოთ, ჩვენ გავიზარდოთ. ხომ ხვდებით, დედის სხეულისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კარგად ყოფნა. საკუთარ სხეულს სწირავენ, საკუთარ უჯრედებს აშიმშილებენ, რომ ჩვენ ვიყოთ მაძღარი. ეს თვისება მათ ჯერ კიდევ იქამდე აქვთ, ვიდრე ჩვენ დავიბადებით“, - ამბობს ღოღობერიძე.
ექიმი, ასევე განმარტავს, რომ ემბრიონს დედის ხმა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ესმის და ამშვიდებს.
„ჩვენ დედის ხმა გვესმის ჯერ კიდევ ფეხმძიმობის 30-ე კვირიდან, იქიდან მოყოლებული, მათი ხმა ჩვენზე მოქმედებს, როგორც სერიოზული დამამშვიდებელი საშუალება. არაფერი შეედრება დედის ხმას“.
შვილი დედისგან არა მხოლოდ საკვებს, არამედ ენერგიასაც იღებს.
„ყველა მოძრაობა, თვალის დახამხამება, ფილტვების შეკუმშვა, გულისცემა ხორციელდება დედისგან მიღებული ენერგიისგან. დედები გვაძლევენ არამარტო საკვებს, არამედ ენერგიას.
დაბადების შემდეგ პირველი კონტაქტიდან, კანის კანთან შეხებიდან იწყება ჩვენზე ზრუნვა. როდესაც დედის სხეულს ეხება ბავშვი, მასზე გადმოდის ის ბაქტერიები, რომელიც მას აქვს, რომ ჩვენ ორგანიზმში დასახლდეს ის კარგი ბაქტერიები და განგვივითაროს იმუნიტეტი, გაგვიზიაროს ბრძოლა ინფექციებთან, შეგვიმციროს დაბალი ტემპერატურისგან გარდაცვალების რისკი“, - ამბობს ღოღობერიძე.
შვილის კონტაქტი დედასთან მისი სხეულის დატოვების შემდეგაც გრძელდება.
„როდესაც ჩვენ ვიბადებით, აღარ ვართ დედის სხეულში, ჩვენ მაინც ვტოვებთ დედის სხეულში რაღაცას და განვაგრძობთ არსებობას მასში. ვერ გველევიან... მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდეგ ვტოვებთ დედის სხეულს, ფეხმძიმობის დროს, ჩვენი უჯრედების დიდი ნაწილი გადადის, სახლდება დედის ელენთაში, ღვიძლში, კანში და ასევე თავის ტვინში.
ჩვენი დაბადების შემდეგ, ჩვენი უჯრედები დედის სხეულში მაინც რჩება. მეცნიერებმა უამრავი ქალი შეისწავლეს და აღმოჩნდა რომ შვილის დნმ მის სხეულში რჩებოდა თვეების, წლების განმავლობაში“, - ამბობს ღოღობერიძე.