როდის იწყება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია

2021-02-26 13:50:24

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ.

უკვე გამოქვეყნდა 2021 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის.

აბიტურიენტთა ცნობარში 2021 წლის გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებს, საგამოცდო პროცესს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობით.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და  ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.