ავარიას 25 წლის კაცი ემსხერპლა

2021-02-24 11:47:10

სამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინ გასამართი სადგურიდან გადიოდა, ცუდი ამინდის გამო ავტომობილი ვერ შენიშნა და დაეჯახა.

"ტოიოტას" მძღოლი, 25 წლის კაცი, ადგილზევე გარდაიცვალა. ტაქსიში მსხდომი 2 პირი კი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.