მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის აქცია დაიწყო

2021-02-23 15:16:21

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია, ნიკა მელიას განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, დიდი მსვლელობა 26 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

„ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“,-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მიმდინარე აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია დაცული.

დღეს ნიკა მელია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით, მონა მოსამართლეებით, - ასე მიმართა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

როგორც მან აღნიშნა, იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე.

„დღეს, ნიკა იმის მიუხედავად, რომ მოიტაცეს და სადღაც გამოკეტეს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მთელი ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით, მონა მოსამართლეებით. ნიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული, გამბედაობა, იდეა და ის არასდროს გაჩერდება, ჩვენთან, ყველასთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ერთად ბევრად უფრო მეტნი და ძლიერები ვართ, რადგან ჩვენს მხარესაა სიმართლე. ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე. ნიკა მელიას დაჭერა ერთი ადამიანის გამოკეტვას სცდება. ძალიან გთხოვთ, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე“, - მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.