“ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია”

2021-02-23 09:58:31

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ  ნიკა მელიას დაკავებას თვალყურს პირდაპირი ეთერის საშუალებით ადევნებდა და ეს ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა, მისი შეფასებით, ძალიან შემაშფოთებელია.

"მე ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ვუყურე. მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. სულ ახლახან წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ამისი მიღება ავტომატურად არ ხდება. ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ,"- წერს ადამ კინზინგერი.

ფაქტს გამოეხმაურა ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი. ის წერს, რომ სცენით, რომელიც იხილა, შოკირებულია.

"შოკირებული ვარ სცენით რომელიც დღეს ვნახეთ ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისთან. ქაოსი და ძალადობა ახლა უკანასკნელი რამაა, რაც საქარველოს სჭირდება. მკაფიოდ მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად დღესაც და მომდევნო დღეებშიც", - წერს მარკ კლეიტონი ტვიტერზე.