სამოქალაქო მოძრაობის "გავიგუდეთ" ორგანიზებით, რუსთავის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონის და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენით მიღებას უმოკლეს ვადებში ითხოვენ.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა არაუგვიანეს 4 მარტისა უნდა დაამტკიცოს.
მოძრაობის "გავიგუდეთ" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკოლოზ მუსერიძის განცხადებით, თუ 4 მარტამდე პარლამენტი მესამე მოსმენით არ დაამტკიცებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტს, 7 მარტს ფართომასშტაბიან აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან მოაწყობენ.
აქტივისტები არ გამორიცხავენ, ქალაქში არსებული საწარმოო ზონაც გადაკეტონ.
აქციის დასასრულს, აქტივისტებმა საწარმოო ზონისკენ ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.