გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულებს. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.
"გასული წლის იანვრის შემდეგ, ნავთობის ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. პარალელურად, იზრდება მზა პროდუქტების, ბენზინის, დიზელის საწვავის, საერთაშორისო ფასი კლასის მიხედვით.“-აღნიშნა მთვრალაშვილმა.
მისი განმარტებით, მიმდინარე წელს პლაცზე 1 ტონა ბენზინის ფასი $100-ით (+22%), $545-მდე გაიზარდა, ხოლო 1 ტონა დიზელის ფასი $70-ით (+14%) $489-მდე, რამაც საქართველოში როგორც ბრენდულ, ასევე არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.
„გლობალურ ბაზრებზე ფასები მატულობს და ეს შემდგომ უკვე იწვევს ჩვენს ქვეყანაში ფასების მატების პროცესს, რადგან ჩვენ თავიდან ბოლომდე იმპორტზე და საერთაშორისო ფასებზე ვართ დამოკიდებული.
ამ პროცესმა კი გამოიწვია ის, რომ მიმდინარე წლიდან საშუალოდ ბრენდირებულ გაზგასამართ სადგურებზე ფასებმა 15 თეთრით იმატა, რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებს, აქ ფასები შედარებით უფრო მეტადაა გაზრილი, სადღაც 25-30-თეთრიანი მატება ფიქსირდება.
მარტი-აპრილის თვეში, პირველი ტალღის დროს, ნავთობის ფასი იყო ძალიან დაბალ ნიშნულზე, შესაბამისად ჩვენთანაც მოხდა საწვავის ფასების მნიშვნელოვანი კლება, მაგრამ უკვე „ლოკდაუნების“ მოხსნის შემდეგ, თავისთავად ამ პროცესმა გამოიწვია საპირისპირო პროცესი-ნავთობზე ფასების მატების და დაწყებული უკვე ზაფხულიდან დღემდე მათ შორის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ფასი ეტაპობრივად მატულობს.
მთვრალაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა განპირობებულია ორი ძირითადი ფაქტორით, „ოპეკი+“-ის შეთანხმებით და პოზიტიური მოლოდინებით.
„მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა დამოკიდებულია 2 მთავარ ფაქტორზე: „ოპეკი+“-ის შეთანხმებაზე და შეთანხმების მიზანი იყო ის, რომ ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება და შესაბამისად, გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდება იმიტომ, რომ პანდემიამ მოხმარება მნიშვნელოვნად შეამცირა, შესაბამისად. საჭირო იყო, რომ ნაკლები მიწოდება ყოფილიყო, რათა ბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის დაცულიყო, რაც მინდა გითხრათ, რომ „ოპეკმა“ პირნათლად შეასრულა.
მეორე ფაქტორი არის პოზიტიური მოლოდინები-ვაქცინაცია.
გარდა ამისა, ჩინეთი ეს არის უდიდესი ნავთობიმპორტიორი ქვეყანა, მსოფლიოში მეორე ადგილზეა და აქაც მოხმარება მნიშვნელოვნად მატულობს. ამ ფაქტორების ერთობლიობით მიუხედავად იმისა, რომ პანდემია სახეზე გვაქვს ნავთობზე ფასები მატულობს.“- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.