საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, 15 თებერვლიდან ამუშავდეს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ცნობისთვის, 28 იანვარს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი დაჩქარდება. ეს ეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. როგორც ჩანს დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევიმუშავეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ - ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ორი თვის ერთობლივი შრომის შედეგად. რაც მთავარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ მანამ, სანამ ეტაპობრივად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი უკვე რამდენიმე დღეა ხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანი გახლავთ ის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია დაცული. ორი, სამი, ოთხი ან ხუთი ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში არანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად უფრო პასუხისმგებლიანად და გონივრულად უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.