ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რეგიონში შემავალი 7 მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აზერბაიჯანის ელჩმა და მხარის რწმუნებულმა ისაუბრეს ქვეყნების მრავალწლიან ურთიერთობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
ელჩმა გამოთქვა მზაობა, რომ აზერბაიჯანმა მონაწილეობა მიიღოს და მხარი დაუჭიროს ქვემო ქართლში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება ამ ორი ქვეყნის მონაწილეობით და ასევე იმ პროექტებზეც, რომლებიც მომავალში იქნება. ასეთი პროექტები, რა თქმა უნდა, ემსახურება 2 ქვეყნის მეგობრობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტემპითვე გავაგრძელებთ მომავალში", - განაცხადა ფაიგ გულიევმა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, შემოთავაზებები ჰუმანიტარული დახმარებებისა თუ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კუთხით, მომავალში კიდევ უფრო დაზუსტდება.
"შევეხეთ ისტორიას, კულტურას, ინტეგრაციას, ინფრასტრუქტურას, კავშირებს სახელმწიფოთა შორის და ასევე დავსახეთ გარკვეული პრიორიტეტები. მინდა ვთქვა, რომ საელჩო საქმის კურსშია ყველა მიმდინარე სიახლეზე, რაც გრძელდება და ვითარდება ქვემო ქართლში. ტრადიციულად, იყო რამდენიმე შემოთავაზება, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით და ამის პრაქტიკა არის ქვემო ქართლში. ცხადია, ეს ყველაფერი დაკონკრეტდება და უფრო ჩამოყალიბებულად გვექნება მომავალში სამოქმედო გეგმა. ჩვენ გავარგძელებთ მეგობრობას იმიტომ, რომ ამ ურთიერთობებს უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება, გაღრმავება და არ უნდა ნამდვილად რაღაც სტაგნაცია და გაჩერება“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს შოთა რეხვიაშვილმა და ფაიგ გულიევმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.