პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დახმარებების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება, დახმარებაზე განცხადების შევსება კი 20 იანვრამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"მოგეხსენებათ, ვაგრძელებთ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას და უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც, სამწუხაროდ, დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად. განაცხადების გაკეთება გაგრძელდება 20 იანვრამდე, ხოლო 28 იანვრიდან კი დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა, ეს არის 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი", - აღნიშნა გახარიამ.