ძმის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს

2021-01-07 17:48:30

ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დადგენილება მას წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.

როგორც საპროცესო მოქმედების შემდეგ ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა, მიშო ახლოურის მკვლელობისთვის დაკავებული მისივე ოჯახის წევრი ბრალს არ აღიარებს.

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რა ოდენობის გირაოს შესთავაზებს სასამართლოს, მისი განმარტებით, აღნიშნულს სასამართლო პროცესზე ბრალდებულთან შეათანხმებს.

"წარედგინა ბრალი გიორგი ახლოურს, სისხლის სამართლის 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გიორგი ახლოური წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ეს იყო შემთხვევითობა, ყოველგვარი განზრახვა მკვლელობისა არის გამორიცხული,"- აღნიშნა თამარ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს