რუსთაველი დეპუტატების კითხვები გიორგი გახარიას [video]

2020-12-24 19:29:35

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას რუსთაველმა დეპუტატებმა შეკითხვები ძირითადად გარემოსდაცვით საკითხებზე დაუსვეს. [ვიდეო/video]

"იმ საკანონმდებლო პროექტის მიზანი, რომელიც შემოსულია და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მესამე მოსმენითაც მივიღებთ, ისაა, რომ შევამციროთ და შევზღუდოთ მავნე ნივთიერებების ზემოქმედება როგორც გარემოზე, ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამას უკვე ხანგრძლივ პერსპექტივაში ექნება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რუსთავში, გარდაბანში და ყველა იმ ქალაქში, სადაც დიდი სამრეწველო ობიექტებია განთავსებული. სწორედ გარემოსდაცვით პროგრამასთან დაკავშირებით საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროგრამის შემდგომი განვითარება", - ჰკითხა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

გახარიამ კითხვის საპასუხოდ განცხადა, რომ რუსთავში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზული პროგრესია.

“თქვენ იცით რომ სერიოზული პროგრესია იმასთან შედარებით რაც იყო, მაგალითად რუსთავში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საერთოდ გარემოზე ზიანის მიყენების თვალსაზრისით. საკანონმდებლო ინიციატივა შემოტანილია და გავლილია წინა პარლამენტის მიერ ორი მოსმენით და მესამეს ახლა თქვენ მიიღებთ. არის შემაკავებელი ღონისძიებებიც, ჯარიმებია საკმაოდ სერიოზული, აღსრულებაზეა ახლა საქმე. ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტის პირობებში ეს პრობლემები ქვეყანაში უნდა გადაწყდეს,” - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს რუსთაველმა დეპუტატმა ალექსანდრე დალაქიშვილმა ჰკითხა, როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა ბიზნესის ინტერესებსა და ადამიანების ჯანმრთელობას შორის მას შემდეგ, რაც ძალაში ახალი რეგულაციები შევა.

"როგორც მოვისმინეთ მთავრობა აპირებს რიგი საგადასახადო შეღავათების გადახედვას, მე მაინტერესებს, არის თუ არა უკვე იდენტიფიცირებული მიმართულებები, სადაც ამგვარი ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

მეორე კითვხა ეხება გარემოსდაცვით მიმართულებას. როგორც მოგეხსენებათ, ინიცირებულია ცვლილებები გარემოსდაცვით სფეროში. პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის ალბათ აუცილებელი კომპონენტია ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ჩართვა, მეორეს მხრივ, კანონის და რეგულაციის მიღების შედეგად, ბიზნესს დაემატება დამატებითი ხარჯები. ამ პანდემიის პირობებში, რამდენად დავიცავთ ჩვენ სწორად ბალანსს. უფრო მეტად ხომ არ უნდა ჩაერთოს გარემოს დაცვის სამინისტრო ბიზნესთან კომუნიკაციის ნაწილში, რათა უფრო მომზადებულები დახვდნენ ისინი ამ რეგულაციას", - განაცხადა დალაქიშვილმა.

გახარიამ დალაქიშვილს კითხვის პირველ ნაწილზე უპასუხა და მეორე კითხვაზე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე ნინო ლაცაბიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"პროცესშია, მაგალითად საგადასახადო შეთანხმება, საგადასახადო დავების სისტემა, ბევრ შემთხვევაში არის დღგ-ს შეღავათები, რომლებიც დღეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია რატომ. ხშირ შემთხვევაში, იქ სადაც ჩვენ ადგილობრივი წარმოების რაღაც ელემენტარული ჩანასახები გვაქვს, შეღავათებით ვასტიმულირებთ იმპორტს. ნუ აუდიტია ჩასატარებელი საგადასახადო შეღავათების, აუდიტია საერთოდ ჩასატარებელი შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის. ეს საგადასახადო შეთანხმება არის საერთოდ ანაქრონიზმი, გადმონაშთია. ჩვენ გვგონია, რომ ვიღაცას ხელს ვუწყობთ, კონკრეტულ ბიზნესს იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემებიდან გამოვიდეს და სინამდვილეში ძალიან ცუდ პრაქტიკას ვაჩვევთ. ინდულგენციის რაღაც მსგავსი შევქმენით, მე როგორც ვიცი, მსოფლიოში არსად არ არსებობს მსგავსი სახით", - პასუხობს გახარია.