ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი სახეობა ფიქსირდება

2020-12-21 17:32:47

გაერთიანებული სამეფო, იტალია, ბელგია, დანია და ნიდერლანდები, ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებშიც კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა.

კოვიდის ახალი სახეობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა. ბორის ჯონსონის თქმით, ვირუსი ძველთან შედარებით 70%-ით გადამდებია და ის სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ინგლისში მე-4 დონის კარანტინი გამოცხადდა.

იტალია გახდა მეხუთე ქვეყანა, სადაც ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ პარტნიორთან ერთად ინგლისიდან რომში დაბრუნდა და მას კორონავირუსის ახალი სახეობა დაუდგინდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით სრულებით შესაძლებელია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი ცირკულირებდეს და ის ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ იყოს.

ათობით ევროპულმა ქვეყანამ ინგლისთან ფრენები შეწყვიტა.

მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი პირველად სექტემბერში გამოვლინდა. ნოემბერის თვეში ინგლისში დადასტურებული შემთხვევების მეოთხედი ახალი ვირუსის იყო, ხოლო დეკემბერში ახალ ინფიცირების შემთხვევებში 2/3 ახალი შტამით არის დაინფიცირებული.

ინგლისში გავრცელებულ ვირუსს, რომელსაც VUI-202012/01 დაარქვეს, ლონდონის Imperial College-ის კოლეჯის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელის, ვენდი ბარკლეის განცხადებით უჩველოდ ბევრი მუტაცია აქვს.

ჩვეულებრივი ვირუსები ერთმანეთისგან ერთი ან ორი ცვლილებით განსხვავდებიან, მაგრამ ახალ შტამს ერთდროულად 22 მუტაცია აქვს. ეს არის ერთგვარი საგანგაშო ზარი, მაგრამ ბიოლოგიურად შესაძლებელია, რომ ვირუსმა ამ მუტაციების გამო ქცევა შეიცვალოს“,- განაცხადა ბარკლეიმ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები