ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდის მიმართულებით.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში, სიღარიბის ზღვარს მიღმა შეიძლება დამატებით 160 ათასი ადამიანი აღმოჩნდეს. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში კი, დამატებით 2.2 მილიონი ადამიანი.
„ეს დიდი გამოწვევაა, შესაბამისად მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის უმთავრეს კომპონენტს მოსახლეობაზე ზრუნვა და მიზნობრივი სოციალური დახმარების ღონისძიების განხორციელება წარმოადგენს პანდემიის პირველივე დღიდან. საბოლოო ჯამში, ეს მიმართულია დასაქმების და სიღარიბის დონის პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებისკენ.
კორონავირუსით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების გზით, 2021 წელი იქნება უკვე ეკონომიკური ზრდის და აღდგენის წელი. სავალუტო ფონდის პროგნოზით ზრდა ნავარაუდევია 4.3%-ის დონეზე.
2021-2024 წლებში საქართველო დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით რეგიონში. ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 5.3% დონეზე საშუალოდ“,- განაცხადა ნათია თურნავამ საკომიტეტო სხდომაზე.