ეკატერინე ტიკარაძე 29 წლის რუსთაველის გარდაცვალებაზე

2020-12-18 15:26:10

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის კორონავირუსით გარდაცვლილი 29 წლის რუსთაველი პაციენტის სამედიცინო ისტორიას იცნობს.

მისი თქმით, ახალგაზრდებში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 0.5-0.7%-ია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველი ლეტალური შემთხვევა ძალიან მტკივნეულია. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, სტატისტიკა არის. ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია და ამაზე დაკვირვება დეტალურად მიმდინარეობს. 80 წლის მოქალაქეებში ჩვენ გვაქვს 5%-იანი ლეტალობის მაჩვენებელი. 70-დან 80 წლამდე ეს მაჩვენებელი გვაქვს 2.5%-ზე და ეს მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელია 0.5-0.7%-ია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ყოველი ლეტალური შემთხვევა ძალიან მტკივნეულია. დღევანდელი ორი შემთხვევიდან მე ერთზე, რომელიც 29 წლის მოქალაქეს ეხება, ინფორმაცია მაქვს. ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ სტაციონარში განთავსების მომენტში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. ექიმები ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას 8 დღის განმავლობაში ეცადნენ, მაგრამ სამწუხაროდ, სასიკეთო შედეგებით ვერ დამთავრდა. მეორე შემთხვევაზე, 35 წლის მოქალაქეზე ინფორმაციას ჯერჯერობით ველოდებით. ჩვენი მიდგომაა, ყველა გადაცდომის პრევენცია და ჩვენ მაქსიმალურად, პირველ რიგში ვართ დაინტერესებული, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადარჩეს. რაც შეეხება იმ შეფერხებებს, რომელიც კლინიკებთან კომუნიკაციაში პაციენტების განთავსებაზე არსებობს, მინიმუმადეა დაყვანილი", - განაცხადა ტიკარაძემ.