შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს

2020-12-20 17:36:47

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, კომიტეტი ახდენს ინიცირებას კანონპროექტისა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო ექვსი თვით გახანგრძლივდება. კანონი მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვები დაწესდეს.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონს ვადა 1 იანვარს ეწურება.

„კანონის ვადის გაგრძელება არ ნიშნავს პირდაპირ, რომ შეზღუდვები გაგრძელდება და ის აუცილებლად გამკაცრდება. კანონის ვადის გაგრძელება აძლევს საშუალებას მთავრობას, რომ ეს კრიზისი მართოს ეფექტურად და შესაძლო რისკები ააცილოს ქვეყანას და საზოგადოებას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოს, ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება და ამ გამოწვევას პრაქტიკულად ვერცერთმა ქვეყანამ ზიანის გარეშე თავი ვერ გაართვა.

„რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზიანი საქართველოშიც გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად ჩვენს მიერ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება შედარებით პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, ახალი შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბერს ამოქმედდა.