ხმაური აფრიკის დასახლებაში

2020-12-15 14:26:33

დედაქალაქის მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. აფრიკის დასახლებაში უკვე დანგრეულია ათამდე საცხოვრებელი სახლი.

დასახლებაში სიტუაცია დაძაბულია. დაპირისპირებაა ადგილობრივებსა და პოლიციას შორის.

მშენებლობების დემონტაჟი აქციის ფონზე მიმდინარეობს. ადგილობრივები ფაქტს აპროტესტებენ და აცახადებენ, რომ ქუჩაში რჩებიან.

მოსახლეობამ რამდენჯერმე სცადა, მომუშავეებისთვის სახლების დანგრევის საშუალება არ მიეცათ. აფრიკის დასახლების მცხოვრებლებმა მძიმე ტექნიკას ქვებიც დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.