"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღდმეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, პირველივე შეკრებისთანავე შეიქმენება საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადცდომის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
"საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მოვიწვევთ დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ - და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება - "ოცნება" გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევენებს. გარდა ამისა, როგორც "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას", - ამბობს კობახიძე.