თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიცია ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ქვეითი შუქნიშნის წითელ სიგნალზე საავტომობილო გზას კვეთდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითად მოსიარულე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია გაავრცელა სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა „ჩემი ქალაქი მკლავს“, რომლის მიხედვითაც, საპატრულო ეკიპაჟი ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობდა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის დაზიანებით ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.
"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რომელთა შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება", — ამბობენ უწყებაში.