რუსთაველმა გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს [photo]

2020-11-30 14:29:51

რუსთაველმა გარემოვაჭრეებმა მესხიშვილზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ამის მიზეზი გარემოვაჭრეებისთვის ვაჭრობის აკრძალვა გახდა.

მათთან მოსალაპარაკებლად ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუაც მივიდა. მისი თქმით, ნაწილთან შეთანხმებას მიაღწია, რომ შეიცვალოს ვაჭრობისთვის განკუთნილი ადგილი. ტაბაღუა საკვები პროდუქტებით მოვაჭრე პირებს ალტერნატიულ ადგილად აგრარული ბაზარის ტერიტორიას სთავაზობს.

თუმცა რა ბედი ეწევათ იმ პირებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით არ ვაჭრობენ და სხვა სახის პროდუქციას ყიდიან, უცნობია.

გარემოვაჭრეების პროტესტს შეუერთდა პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძეც, რომელმაც აქციაზე მისვლით მათ თანაგრძნობა გამოუცხადა.

გზის გადაკეტვას მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც აქციის მონაწილეები და მძღოლები ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი.

გარემოვაჭრეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათ ვაჭრობის უფლებას არ მისცემენ, ან კომპენსაციას არ გადაუხდიან, აქციები გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მონიტორინგის დროს გარევაჭრობა აუკრძალა და ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლების გახსნის საშუალება არ მისცა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები