ეკატერინე ტიკარაძე აქციებზე

2020-11-30 13:53:01

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების დაცვა ქვეყნისთვის "კრიტიკულად მნიშვნელოვანია".

მინისტრი წუხს, რომ ქვეყანაში პანდემიის მიუხედავად, საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს.

"არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია და ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, ძალიან ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით ახსნა და კომუნიკაცია იმის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთა დაკავშირებითაც მთავრობამ, შტაბმა და საბჭომ მიიღეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა ის ზომა და არამხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან" - აცხადებს ტიკარაძე.

ცნობისთვის, დღეს რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე გარე მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.