"დღეს თუ სიცხე გამომივლინდა, არანაირად არ არის ეფექტური დრო წავიდე და გავიკეთო ტესტი. ასეთ დროს ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ იყოს უარყოფითი პასუხი და მივიღებ არასწორ სიმშვიდეს", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
საინფორმაციო სააგენტო ბეგაშვილს დაუკავშირდა კითხვით, რა ლოკაციებზე ტარდება ქალაქში PCR ტესტირებები, რის საპასუხოდაც ბეგაშვილი აცხადებს, რომ რუსთაველებს ტესტირების დროს და ადგილს ოჯახის ექიმები დაუგეგმავენ.
"ყველაზე კვალიფიციური და სწორი პასუხი ამ კითხვაზე გამოვა ასეთი. თუ ვატყობთ სიმპტომებს, კი არ ვიწყებთ ძიებას, სად შეიძლება ტესტის ჩატარება, ვუკავშირდებით ჩვენს ოჯახის ექიმს, რომელიც გვისაზღვრავს სწორ და ეფექტურ დროს ტესტირებისას. დღეს თუ სიცხე გამომივლინდა, ეს არანაირად ეფექტური დრო არ არის წავიდე და გავიკეთო ტესტი. ასეთ დროს ძალიან მაღალი ალბათობაა იმისა, რომ იყოს უარყოფითი პასუხი და მივიღებ არასწორ სიმშვიდეს, მაგრამ ვიდრე პასუხს გავიგებ, იქამდე შეიძლება გავხდე დადებითი. უნდა იყოს სიმპტომების დაწყებიდან 5-6 დღე მინიმუმ გასული, რომ "პისიარ" ტესტის ჩატარებას ჰქონდეს აზრი.
პირველ რიგში, ვურეკავთ ოჯახის ექიმს, ვეუბნებით მას სიმპტომების შესახებ და ოჯახის ექიმი გვიგეგმავს ტესტირების დროს და ადგილს", - აცხადებს ბეგაშვილი.