რა შეზღუდვებია მოსალოდნელი

2020-11-24 13:46:37

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა მობილობის შემცირებისკენ მიმართულ დამატებით შეზღუდვებს განიხილავს. მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში, ან მათი საათების რეგულირება, ასევე შეზღუდვები სავარაუდოდ შეეხება კვების ობიექტებსა და ტრანსპორტს.

„ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, უკვე დაწესებულია რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც გარეთაც სავალდებულოა პირბადის მოხმარება. ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი იმისთივს, რომ ჩვენ მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შენელებას.

რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, მეორე ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები. ეს ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტებისთვის, ან მათი საათების რეგულირება. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომელიც იქნება ქმედითი და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს სექტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სილამაზის სალონებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. მისი განცხადებით, სალონების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განხილვა არ ყოფილა.

როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, შეზღუდვებთან დაკავშირებით ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენადაა შესაძლებელი რეკომენდაციების დაცვის კონტროლი.

„საბჭოსთვის რამდენიმე პაკეტი გვაქვს წარდგენილი, რომელიც არის საშუალო, მსუბუქი და ძლიერი, რაც აისახება ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. ბიზნესის ინტერესებს და მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს ვითვალისწინებთ, აქედან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნა დამყარებულია შემდეგზე: სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ნაკლებადაა შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენადაა დაცული დისტანცია, ნიღბის ტარება და ასე შემდეგ. ამას ვაქცევთ ყურადღებას. სალონებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება ვინაიდან, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. საბჭო ერთად იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ტიკარაძემ.