შეინიშნება თუ არა რიგები საარჩევნო უბნებთან

2020-11-21 10:21:30

რუსთავის საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგები არაა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურზე თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად მისული ადამიანების ხალხმრავლობა არ შეინიშნება. 31 ოქტომბერს, ამ დროის მონაცემებით, უბნებთან ამომრჩეველთა აქტიურობა შესამჩნევი იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად დაიწყო.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, მათ შორისაა რუსთავისა და გარდაბნის N12 მაჟორიტარული ოლქიც, სადაც მეორე ტურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და ოპოზიციიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით კირკიტაძე გავიდნენ, თუმცა კირკიტაძემ, როგორც მთელმა ოპოზიციამ, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ამომრჩეველს არჩევნებზე წასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.