ჩატარდება თუ არა მეორე ტური

2020-11-05 15:07:25

„ქართული ოცნების“ ოფისში თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ სხვადასხვა საოლქო კომისიებთან მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და შეაფასა არსებული მდგომარეობა.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა.

„ 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ოქმებში უზუსტობები იყო დაშვებული.

სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე, როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებს შიგნით. რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას. მოითხოვდნენ პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად მათი უფლებამოსილი პირები მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში.

აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების ეს შედეგები არ შედის მათ ინტერესებში. მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათ საუბარს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით, არავის არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომელიც დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდა.

კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი მთელი სიმკაცრით“, - დასძინა კახა კალაძემ.

მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება,-ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას მიესალმებოდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციას შეუძლია კრიტიკულიც იყოს.