რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგი ბათილად ცნეს

2020-11-04 16:36:00

მცხეთაში, 3 საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად ცნეს, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ კი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენეს. ამის შესახებ განცხადება ცესკოს ბრიფინგზე გააკეთეს.

"მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ #11, #27, #46 საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ბათილად ცნო. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ოქმის შევსებისას დაშვებული შეცდომები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გაბათილებულიყო. საოლქო საარჩევნო კომისიამ ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები", - განაცხადეს ბრიფინგზე.

ამასთან, საოქმო ცვლილებები განხორციელდა მარნეულის 3 საარჩევნო უბანზე.

"რაც შეეხება ფაქტს მარნეულის #13, #22, #67 საარჩევნო უბნის წევრებმა დადგენილი წესით შეადგინეს შემაჯამებელი ოქმი, უფლებამოსილ პირებზე გასცეს ასლი, რის შემდგომაც ოქმში ცვლილება გაურკვეველ ვითარებაში მოხდა, აღნიშნულთან დაკავშირებით, 3 ნოემბერს, უფლებამოსილ პირებზე გაცემული დამოწმებული შემაჯამებელი ოქმის ასლის და ასევე კომისიის წარმომადგენლების განმარტებების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება საოქმო მონაცემების ცვლილების თაობაზე, აღნიშნული კი არის 1-ელი ოქმის იდენტური, რომელიც ასახული არის ცესკოს შედეგების ვებ. გვერდზე", - განაცხადეს ბრიფინგზე.