კამპანია "ემეგობრეს" ფარგლებში რუსთავის ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კედელი მოიხატა. კამპანიას ორგანიზაცია "საქართველოს კარიტასი" ახორციელებს.
"საქართველოს კარიტასის" მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის რუსთავის კოორდინატორის, ინგა გაბაძის განცხადებით, რუსთავში, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, ამიტომაც, თბილისის შემდეგ "ემეგობრეს" კამპანიის ჩატარება სწორედ აქ გადაწყდა.
"ნახატით გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, როდესაც ნახავენ ბავშვებს ქუჩაში რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა მოიქცენ. აუცილებელია, რომ არ მისცენ ფული, რადგან ფულით ვერ ეხმარებიან ბავშვს, პირიქით, უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებენ და აკავებენ ქუჩაში. ამ ფულს ბავშვები არ იყენებენ სათანადოდ და ხარჯავენ მავნე ნივთიერებებში. რუსთავი ერთ-ერთია, სადაც მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით. ბევრი ბავშვი არის ქუჩაში", - განაცხადა ინგა გაბაძემ.
კედლის ნახატი "Masholand"-მა სრულიად უსასყიდლოს შექმნა.
კამპანიის ფარგლებში, პარკის შესასვლელში მოეწყო მცირე პერფორმანსიც. ინგა გაბაძის თქმით, აღნიშნულ ლოკაციაზე განათავსეს ბარიერში მოქცეული 2 სათამაშო, საზოგადოების მიერ შეზღუდული და ჩარჩოებში მოქცეული ბავშვების სიმბოლოდ.
"საქართველოს კარიტასის" მიუსაფარ ბავშვთა რუსთავის თავშესაფარს ამ დროისთვის 12 ბენეფიციარი ჰყავს, თავშესაფრის დღის ცენტრით კი 32 ბენეფიციარი სარგებლობს.