პარტია "ევროპული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში გაწერილი აქვს, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი რუსთავი-მარნეულის დაბალბიუჯეტიან აეროპორტს ააშენებენ.
აეროპორტის პროექტის შესახებ "ინფო რუსთავთან" პირდაპირ ეთერში პარტიის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირმა ნადირაშვილმა, ისაუბრა.
მისი თქმით, რუსთავი-მარნეულის აეროპორტი იქნება ქუთაისის აეროპორტის ანალოგი, რომლიდანაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იფრენენ.
"უნდა იყოს ქუთაისის მსგავსი. აქ ახლოს არის წითელი ხიდი, სომხეთის საზღვარი. რადგან თბილისის აეროპორტი ვერ იქნება დაბალბიუჯეტიანი ფრენებისთვის, ეს აეროპორტი იქნება ძალიან კომფორტული, მათ შორის ჩვენი მეზობლებისთვის.
როდესაც საუბრობ ასეთ პროექტებზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის გათვლილი, მათ შორის აქ მარტო ტერიტორიაზე არ არის საქმე, ეს არის ძალიან დიდი ინვესტიციის ჩადების ადგილი და შესაბამისად ამას ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება. სანამ ქუთაისის აეროპორტი გაიხსნებოდა მანამდე მუშაობა იყო დაწყებული, რომ Wizzair და Ryanair შემოსულიყო",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება რეალისტური და შესაძლებელია.