"მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ არის თამაში"

2020-10-17 11:11:30

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დადასტურდა.

"ისევ მოიმატა თბილისში, დღეისათვის ყველაზე მეტი 397 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გახლავთ თბილისში. აჭარაში ცოტა შემცირდა და გახლავთ 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იმერეთშიც მოიმატა და გახლავთ 232. სამეგრელო-ზემო სვანეთში სტაბილურია, იყო 22 და დღეს არის 27 შემთხვევა. ქვემო ქართლში გახლავთ - 20, შიდა ქართლში - 12 , მცხეთა-მთიანეთში - 15 ახალი შემთხვევა, კახეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში არის - 8 და ყველაზე ცოტა 6 შემთხვევა გახლავთ გურიაში", - განაცხადა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, ქვეყანაში 70-ზე მეტი კრიტიკული პაციენტია.

როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, მოსახლეობა ინფექციას სერიოზულად უნდა მოეკიდოს."მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ არის თამაში და ინფექცია სერიოზულია. ხშირად ვიმეორებთ, რომ აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა საჭიროა განმეორება".