2020-10-01 17:57:33
ცხოველური პროდუქციის უსაფრთხოებისა და მისი მიკვლევადობის გამარტივებისთვის, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) „ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის“ ონლაინ სისტემა დანერგა. სისტემის უკეთ ათვისების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო რუსთავში 2 დღიან ტრენინგს ატარებს.
ტრენინგი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID), ცხოველთა სასაკლაოებზე მიმაგრებულ სახელმწიფო ვეტერინარ ექიმებს უტარდებათ.
"სურსათის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, სასაკლაოებზე ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის დანერგვას ახორციელებს. 2 დღიანი ტრენინგი ტარდება FAO-ს ექსპერტების მიერ, რომელიც პირდაპირ კავშირშია უვნებელი სურსათის მიღებასთან, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხელსთან.
რეგიონში 14 ექიმს უტარდება ტრენინგი. რისი აღრიცხვაც ხებოდა ფურცელზე და ჟურნალებში, ახლა ხდება ელექტრონულად. დაკავშირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ინფორმაცია აქვს სახელმწიფო ვეტერინარს, ცხოველის წარმომავლობაზე, მის მიკვლევადობაზე და სხვადასხვა დაავადებების მონაცემებზე", - აცხადებს მირანგულა ლიპარტელიანი.
პროექტი ფერმიდან სუფრამდე მიდგომის დანერგვას ისახავს მიზნად, რაც გულისხმობს იმას, რომ სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერი რგოლი – ფერმერი, მწარმოებელი, გადამამუშავებელი, დისტრიბუტორი, სატრანსპორტო კომპანია, სავაჭრო კომპანია, თუ საცალო ქსელის ობიექტი, სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინფორმაციას გამოყენებული ნედლეულის, წარმოებული პროდუქტის, განხორციელებული საწარმოო პროცესების შესახებ, რათა ზუსტად განისაზღვროს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოშობა კონკრეტულ ეტაპზე. ონლაინ ბაზა აღნიშნულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ამარტივებს.