2020-10-01 15:03:50
რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა თეა ჟვანიამ.
„ 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის “ პროგრამის საქართველოში განხორციელების ინიციატორია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ამავდროულად, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრი, ნინო ქავთარაძე.
როგორც ღონისძიებაზე ნინო ქავთარაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე პროგრამა რუსთავსა და ქუთაისში განხორციელდება. რაც შეეხება „ 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის “ პროგრამა, ქავთარაძის თქმით, მიზნად ისახავს, უფროსი თაობის სოციალიზაციას, მათი აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას.
60+ კლუბების რუსთავში განსახორციელებელი აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და კულინარიულ სესიებს. COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, კლუბის წევრების აქტივობები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
მემორანდუმის გაფორმებას, რუსთავის საკრბულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მაკარიძე, ქალაქის ღვაწლმოსილი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.