რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-09-26 10:45:25

რუსთავში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსთავის ცხელების ზონის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, 2 ინფიცირებულიდან ერთ-ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. პაციენტი 30 წლამდე ქალია, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონტაქტების წრე არ უფიქსირდება. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, კორონავირუსი მანამდე ახალგაზრდა ქალის დას დაუდასტურდა.

რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, საქმე გვაქვს იმპორტირებულ შემთხვევასთან. კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ის ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა და ვირუსი გეგმიური ტესტირების დროს დაუდასტურდა.

პაციენტები შემდგომი მკურნალობის მიზნით, თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

საქართველოში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.