2020-09-24 00:53:23
რუსთავის ცენტრალური შემოსასვლელი გადაკეტილია.
"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ მთავარ შემოსასვლელთან მიმდინარე სამუშაოები 5 დღეში დასრულდება და მძღოლები აღნიშნული გზით სარგებლობას დაახლოებით 1 კვირაში შეძლებენ.
ამ დროისთვის გზის მონაკვეთზე, სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მძღოლები ჩქაროსნული მაგისტრალიდან, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიით და ხიდის გავლით ქალაქის მთავარ შემოსასვლელში ვერ მოხვდებიან რადგან გზა გადათხრილია.
ჩქაროსნული მაგისტრალიდან ქალაქში შემოსვლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გზის შემდეგი მონაკვეთი: 1. ახვიდეთ მომსახურების სააგენტოსკენ, მოატრიალოთ, გადმოხვიდეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე თბილისის მიმართულებით და სანამ რუსთავის მთავარ შემოსასვლელ ხიდს მიუახლოვდებით გადაუხვიოთ მარჯვნივ. ასე მოხვდებით შარტავას გამზირზე. 2. ისარგებლოთ ლომოურის ქუჩით. 3. ისარგებლოთ თბილისის ქუჩით.
შეგახსენებთ რომ სანიაღვრე სისტემის მოწყობა რუსთავში მას შემდეგ გადაწყდა რაც ქალაქი უხვი ნალექის დროს რამდენჯერმე დაიტბორა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსდა პროექტი რომლის ღირებულებაც დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
წყალარინების სისტემის მოწყობის შემდეგ, იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული წყალი მოხვდება სპეციალურ არხში, რომელიც გაივლის ავტობანის მიმდებარე ტერიტორიას, გადავა მეცხრამეტე მიკრორაიონისკენ და ჩავა მდინარე მტკვარში.