რატომ "გაწითლდა" პირამიდა

2020-09-20 00:24:05

20 წლიანი პაუზის შემდეგ რუსთავის პირამიდა მასშტაბურობის თვალსაზრისით პირველად გაასუფთავეს, გახეხეს, გარეცხეს, შინდისფრად შეღებეს და აუქციონისთვის გაამზადეს.

"ინფო რუსათავი"-ს ინფორმაციით, არსებული კონსტრუქცია ქალაქის მერიას აუქციონზე რამდენიმე პირობით გააქვს. შენობა არ გასხვისდება და იქნება მრავალწლიანი იჯარით გაცემული, გათვალისწინებული იქნება გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები შესაბამისის პირობებით. მეიჯარეს არ ექნება იმის უფლება, რომ პირამიდაში გახსნას სამორინე ან წამოიწყოს რაიმე მსგავსი ტიპის სათამაშო ბიზნესი. 2 წელიწადში უნდა განახორციელოს მინიმუმ 1 მილიონიანი ინვესტიცია.

აქვე შეგახსენებთ, რომ პირამიდა 2000-იანი წლების დასაწყისში მერაბ ტყეშელაშვილის მერობის დროს გაკეთდა. წლების მანძილზე რკინის კონსტრუქციაზე ხან სარეკლამო ბანერს გადაჭიმავდნენ, ხან საძირკველში არსებულ ფართში რაიმე ღონისძიებას გამართავდნენ და ხან კიდევ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ.

აუქციონი რამდენიმე დღეში გაიმართება, სხვა დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.