ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოთხოვნით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს დამატებითი ექსპერტიზა უტარდება.
პროცესი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზა ტარდება იმის დადგენის მიზნით, არის თუ არა "საკალმახე ალგეთის" ტერიტორიაზე ადვოკატებისა და გოგონას ოჯახის მიერ ნაპოვნი მწერების სახეობა იმ მწერების სახეობის იდენტური, რომელთა კვერცხებიც ბაჩალიაშვილის გვამზე, ასევე მის ავტომობილში იქნა ნაპოვნი.
შეგახსენებთ, გუშინ ალგეთის ტერიტორიაზე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩაატარეს. მათი ინფორმაციით, ნაპოვნია ალტერნატიული გზა, რომელიც ალგეთსა და იმ ტყეს აკავშირებს, სადაც ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი ნახეს.
ოჯახის ვერსიით, მანამ, სანამ გარდაცვლილ ბაჩალიაშვილს მაწევანში, ტყეში მიიყვანდნენ, ის "საკალმახე ალგეთის" ტერიტორიაზე იყო დასვენებული.