რუსთავში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა

2020-09-15 00:56:48

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 5-ვე ინფიცირებული უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

"5-ვე შემთხვევა დაკავშირებული არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან. ინფიცირებულები არიან აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების კონტაქტები. ისინი იყვნენ იზოლირებულები. ახალი კონტაქტები არ გაგვჩენია რუსთავში", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ინფიცირებული პირები რუსთავიდან, შემდგომი მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ბეგაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ,,ავერსის“ კლასტერში, ბოლო ხუთი დღეა ინფიცირების შემთხვევა აღარ დადასტურებულა და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კლასტერი ლოკალიზებულია.

ადგილორბივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში, კორონავირუსის 35 შემთხვევაა დადასტურებული. 110 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 20 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი.