რუსთავში, ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში, რუსთაველები “ისთ ფოინთის” მიმართულებით გადაადგილების სანაცვლოდ, 1.50 ლარის ნაცვლად, გაძვირებულ ტარიფს, 1.80 ლარს იხდიან. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ყვითელ მიკროავტობუსებში განთავსებული არ არის საინფორმაციო ფურცლები, რომლებზეც მგზავრობის ღირებულების შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი.
ფაქტი “ინფო რუსთვთან” პირდაპირ ეთერში დაადასტურა ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმაც და აღნიშნა, რომ მგზავრობის ღირებულება კი არ გაძვირდა, არამედ სხვა სამარშრუტო ხაზებზე არსებულ ნიშნულს გაუთანაბრდა.
საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის კომპანია "ინტერტრანსს" დაუკავშირდა. როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, ინფორმაცია ფასის ზრდასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, სოფო ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მიკროავტობუსის მძღოლი თვითნებურად ახდენს 1.50 ლარის ნაცვლად, მგზავრობის საფასურად 1.80 ლარის აღებას, "ინტერტრანსი" შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან საკითხით დაინტერესება და ფასის კანონიერ ნიშნულზე დაბრუნება მოითხოვეს.