პედაგოგებმა აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, ან უნდა ჩაიტარონ ტესტირება, ან თავი შეიკაონ სკოლაში გამოცხადებისგან, - ამის შესახებ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ინფო რუსთავმა" ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ჰკითხა, როგორ უნდა იმოქმედონ პედაგოგებმა, რომლებიც რუსთავში ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარიდან დაბრუნდნენ.
"ასეთ პედაგოგს ჯერ ჩვენთვის არ მოუმართავს, თუმცა მათ მიმართ გაკეთდა მოწოდებები უშუალოდ ამირან გამყრელიძის მხრიდან, რომ ჩაუტარდებათ ტესტირება ან თავი შეიკაონ სკოლებში გამოცხადებისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ტესტირება ჩაუტარდება აჭარაში და ეპიდაფეთქების კერებში ნამყოფ ყველა პედაგოგს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, განათლების სამინისტროდან უკვე მიღებული აქვთ პედაგოგთა სიები და გასატესტი 2300-მდე პირია.
შემდგომ ეტაპზე პედაგოგების რანდომული, ანუ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ტესტირება იგეგმება. გაიტესტება შემთხვევით შერჩეული ყოველი მე-5 თუ ყოველი მე-10 პედაგოგი.