ქვემო ქართლის მასშტაბით 18 სკოლა შემოწმებისთვის მზად არ არის, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
როგორც უწყებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რეგიონის მასშტაბით, 38 სკოლის შემოწმება დაიგეგმა, საიდანაც 18-მა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, რეკომენდაციების სრულად შესრულების მიზნით, გარკვეული დრო ითხოვა.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რუსთავში არსებულ კერძო თუ საჯარო სკოლებში. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რუსთავში ამ ეტაპისთვის 13 სკოლა შემოწმდა და 13-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, რუსთავის სკოლების მონიტორინგი 8 სექტემბერს დაიწყო. მასობრივ შემოწმეებებში, როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტია ჩართული.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დაწყების უფლება არ მიეცეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 4 დღე რჩება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 15 სექტემბრამდე ქალაქში არსებული ყველა სკოლა იქნება შემოწმებული.