რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის შემოსასვლელში საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის მიერ, საარჩევნი კამპანიაში სანთებელის გამოყენება გააპროტესტეს.
"მოგეხსენებათ, ჩვენ ვცდილობთ რუსთავში ჯანსაღი წესის პროპაგანდა გავაკეთოთ და ამ დროს ბატონი დავითი სანთებელაზე აწერს საკუთარ სახელს და გვარს, თავისი პარტიის ნუმერაციას, რაც არის არაჯანსაღი წესის პროპაგანდა", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გივი შანიძემ.
აქციას ესწრებოდა რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაციის დამფუძნებელი გოგო ჯმუხაძე, რომლმაც აღნიშნულ სანთებელებს "კირკიტალკები" უწოდა.
"ბატონო დავით, ამ კირკიტალკით რისკენ მოგვიწოდებთ, მით უმეტეს, როცა ეს კირკიტალკა გამოვართვი ჩემს მეზობლებს, 12-13 წლის ბავშვებს. რა უნდა უთხრათ ამ ნივთით მათ, მოწიეთ? მაშინ, როცა კარგად ვიცით რუსთაველებმა, რომ თქვენ არ ეწევით. რომელ მორალში ჯდება ეს? გაუზრებელი შეცდომას დავარქმევ ამ ყველაფერს, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს გააზრებული მოქმედება იყო, რადგან შესაძლოა მომავალში ხალხზე ზრუნვა ამ ადამიანს დაევალოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ჩემი აზრით, თუმცა მაინც", - აცხადებს გოგა ჯმუხაძე.
გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქციაზე დავით კირკიტაძის წინასაარჩევნო პროგრამა გააკრიტიკეს. მათი თქმით, პროგრამა ზედაპირულია და ამომრჩევლის გულის მოგებას ემსახურება. აქტივისტებმა კირკიტაძეს შეხვედრა და პროგრამის შესახებ დეტალური განმარტებების გაკეთება მოსთხოვეს.
"ინფო რუსთავი" ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარისთვის, ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატს დაუკავშირდა.
"აბსურდულ და ღიმილის მომგვრელ ბრალდებებზე სერიოზულ კომენტარს ნადმვილად ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება შეხვედრას, მე ყოველდღიურად ვხვდები ხალხს და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მოსახლეობასთან შეხვედრაზე მოვიდეს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.