რუსთავში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შრომის ინსპექციიდან მიაწოდეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ინსპექტირება სკოლებში დღეს დაიწყო და 15 სექტემბრამდე, რუსთავში არსებულ ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში ეტაპობრივად განხორციელდება.
სკოლებში ინსპექტირება კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შემოწმების მიზნით მიმდინარეობს. მასობრივ შემოწმეებებში, როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართული.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დაწყების უფლება არ მიეცეს.
"აძლევენ გაფრთხილებას და შემდეგ ისევ შედიან მონიტორინგის მიზნით. თუ რამდენჯერმე მიიღეს გაფრთხილება და ამის შემდეგ კიდევ არ ექნებათ რეკომედაციები გათვალისწინებული და შესრულებული, სწავლას ვერ დაიწყებენ", - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.