რუსთავში, მუნიციპალური თეატრის უკან არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად კონკურსი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, სკვერის რეაბილიტაციის პროექტის პირველადი ღირებულება 1 992 383 ლარია. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფრომებიდან 240 დღეში უნდა დასრულდეს.
პროექტის ფარგლებში, სკვერში მოეწყობა ბორდიურები და ფილით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, დაიდგმება დეკორატიული და საპარკო სკამები, ასევე დეკორატიული სკამები საჩრდილობლით, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე გასართობი მოედანი ბავშვებისთვის. მოწესრიგდება გაზონი. მოეწყობა ფანტანის მოედანი და წყლის დასალევი საშუალებები. გარდა ამისა, სწორედ აღიშნულ სკვერში იქნება განთავსებული წარწერები "რუსთავი" და "RUSTAVI", რომელიც ასევე დეკორატიული სკამის სახით იქნება წარმოდგენილი სკვერში.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა ზაზაძე აღნიშნავს, მუნიციპალური თეატრის უკან არსებული სკვერი იქნება ერთ-ერთი ორიგინალური რეკრეაციული სივრცე რუსთავში. მისივე განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განხორციელდა, სკვერის რეაბილიტაცია 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.